"აირმაქსი" არის ინტერნეტ ოპერატორი,რომელიც WIFI და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით საქმიანობას ახორციელებს იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის,თერჯოლის,ბაღდათის,ვანის,წყალტუბოს,ხონის,სამტრედიის,ხარაგაულის,ჭიათურის,საჩხერის რაიონებში და მიმდებარე სოფლებში. ჩვენ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურეობა Ubiquiti,mikrotik,bdcom მოწყობილობების საშუალებით,რაც სტაბილური და მაღალსიჩქარიანი კავშირის გარანტიაა

Airmax.GE » სიახლეები » TAO -ს განცხადება
0

TAO -ს განცხადება

    თარიღი: 14-02-2017, 17:37

 

 

 

გვინდა გამოვეხმაუროთ ე.წ. „ფარული მოსმენების“ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს და საკანონმდებლო წინადადებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ინტერნეტ გვერდზე 7 თებერვალს გამოქვეყნდა და შეეხება ახალი, დამატებითი რეგულაციების და ვალდებულებების დაწესებას ავტორიზებული პირებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო ინტერნეტ ოპერატორებისთვის.
სამწუხაროდ, არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს – ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს – ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს ვერ შესრულდება.

საქართველოს კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და საქართვლოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ წარმოდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ჩვენი ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს. აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.
დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა.

კანონპროექტებში მრავლადაა იმგვარი რეგულაციები, რომლის ამოქმედება ოპერატორებს აკისრებს შეუსაბამოდ მძიმე და შეუსრულებელ რეგულაციებს. მათ შორის უნდა გამოვყოთ ოპერატორების ვალდებულება, მოახდინონ მათი ქსელის არქიტექტურის და შესაბამისი ინტერფეისების მოდიფიცირება სააგენტოს მოთხოვნებით და სტანდარტებით იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააგენტოს მიერ რეალურ დროში მონაცემების მოპოვება, ასევე მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით სააგენტოს მიერ განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.

ამ კომპანიებს ქსელი ორგანიზებული აქვთ კონკრეტულ რეგიონში და მათი შემოსავლები უმეტეს შემთხვევაში შეადგენს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების შემოსავლების 1%-საც კი, თუმცა მათ მიერ დაფარულია ის დასახლებული პუნქტები და სოფლები, სადაც ხშირ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა ოპერატორი და არ არსებობს ხელმისაწვდომი ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მათი მწირი ფინანსური რესურსი შეუძლებელს ხდის შესრულდეს კანონპროექტში გაწერილი ვალდებულებები.

მოსალოდნელია, რომ მცირე ტელეკომ ოპერატორების დიდი უმეტესობა ვერ შეასრულებს დღეს არსებულ პროექტში არსებულ მოთხოვნებს ვერც ფინანსური და ვერც არსებული საკადრო რესურსის პირობებში. გასაწევი ხარჯები სატელეკომუნიკაციო კომპანიამ ხომ უნდა „ამოიღოს“ მომხმარებლისგან. შესაბამისად, ამ ცვლილებების შედეგად, მცირე მასშტაბის ეფექტის გამო, გაძვირდება მომსახურება და ე.ი. ეს ყველაფერი დააწვება ისევ ბოლო მომხმარებელს.

კანონპროექტის შესაბამისად, დადგენილი რეგულაციებით, ოპერატორები, სააგენტოს მიერ განსაზღვრული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის გარდა, ასევე ვალდებულები იქნებიან უსასყიდლოდ გასწიონ სააგენტოს აპარატურის თანალოკაციის მომსახურება. მცირე და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საწყის ეტაპზე მინიმალური დანახარჯებით ახორციელებენ ოპერირებას. ამგვარ ოპერატორებს საწყის ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ან თუნდაც ასეული აბონენტი ჰყავს, ქსელი იაფი კაპიტალური დანახარჯებით იქმნება და შემოსავალი მინიმალურია. იმ შემთხვევაში თუ მას დაეკისრება კანონპროექტში წარმოდგენილი ვალდებულებები, გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ბიზნეს რისკების და გაურკვეველი სამომავლო ხარჯების გამო, ამგვარი პროვაიდერისთვის არ იქნება საინტერესო გაფართოება და ამ ვალდებულებების დაკისრება კიდევ ერთი ნაბიჯია იმისაკენ, რომ მთლიანად დაიხუროს მცირე და საშუალო ბიზნესი. მათი უმეტესობის მიერ ეს ინიციატივა აღქმული იყო, როგორც პირდაპირი დარტყმა საკომუნიკაციო ბიზნესზე. გარდა აღნიშნულისა, მათი მოწყობილობები და ქსელის სხვადასხვა ელემენტი ხშირ შემთხვევაში განთავსებულია დაქირავებულ და შეზღუდული მოცულობის მცირე ფართზე, რომლიც შესაბამისად სასყიდლიანია და, რაც მთავარია, მისი მესამე პირებისთვის გადაცემა შეზღუდულია ობიექტური მიზეზების გამო. მცირე ოპერატორებისთვის უსასყიდლოდ სააგენტოს აპარატურის განთავსების ვალდებულების დაკისრება კიდევ უფრო გაურთულებს ოპერირებას და მათ ბაზრიდან გაძევებას გამოიწვევს. ამავდროულად, აპარატურის განთავსების ადგილებში, განსაკუთრებით რეგიონებში არსებობს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოუგვარდა, რის გამოც ოპერატორებს უწევთ მუდმივი დენის წყაროს ორგანიზება და აპარატურის და მოწყობილობების შეძენა მხოლოდ მათთვის საკმარისი სიმძლავრეებით.

 

 

 

 

 

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის განცხადება ე.წ. „ფარული მოსმენების“ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებებით დგინდება ბაზარზე შემოსვლის დამატებითი ბარიერები. იმისთვის რომ პირმა გაიაროს ავტორიზაცია მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს – სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი დასკვნა კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის მოთხოვნის სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ.

პრობლემურ რეგულაციების კატეგორიის საკითხებს უნდა მივაკუთვნოთ ასევე სააგენტოს უფლებამოსილება მოახდინოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოყოფილი რადიო სიხშირეების მართვა კონტროლი და უსაფრთხოება, რადგან გაურკვეველია რა მეთოდებით და რა მიზნებით მოხდება აღნიშნული სიხშირეების კონტროლი. ასევე გაურკვეველია სააგენტოს, როგორც ლიცენზიის გამცემი ორგანიზაციის უფლებამოსილება ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზირების კუთხით, როდესაც დღეს თავად ოპერატორები ამზადებენ პროგრამულ პროდუქტს და იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის.

მკაცრია სანქციების ოდენობები სააგენტოს მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. წერილობით გაფრთხილების შემდეგ, მარეგულირებლის მიერ შესაძლოა მოხდეს ოპერატორის დაჯარიმება 30000, 90 000 და 200 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ შესაძლოა აიკრძალოს ოპერატორის საქმიანობის უფლება. დღეს არსებული მდგომარეობით, მხოლოდ მსხვილ ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა რომ დაიცვან წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული ვალდებულებები, შესაბამისად ეს გამოიწვევს მცირე ოპერატორების უმეტესობის გაკოტრებას და ბაზრიდან გასვლას პირველივე სანქციების გამოყენების შემდგომ, ხოლო მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ სანქციების მიზანია არა ბაზრის სრული მონოპოლიზაცია არამედ კანონის აღსრულება, სანქციის თანხები უნდა იყოს ბრუნვაზე მიბმული რაც კონვეირულიცაა და სამართლიანიც.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს არ მოხდეს ამ კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით, შექმნათ სამუშაო ჯგუფი და ჩაგვრთოთ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები, ჩვენი ასოციაცია და სხვა დაინტერესებული პირები ამ კანონპროექტის პაკეტების განხილვის პროცესში, ჩვენი არგუმენტების წარმოსადგენად და დასასაბუთებლად, რადგან არსებული რედაქცია მოიცავს სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ რისკებს ბაზრის მოთამაშეებისთვის და საბოლოოდ ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის.